გიორგი ამილახვარი - პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც გაყიდეს უკრაინა
გიორგი ამილახვარი - პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც გაყიდეს უკრაინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, უკვე მრავალი თვეა, ისმის ბრალდებები უკრაინის ხელისუფლების მაღალი ტრიბუნიდან თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან კავშირებზე.

გიორგი ამილახვარი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, მსგავს განცხადებებს არასდროს მოჰყოლია შესაბამისი მტკიცებულებები.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მიზნით.

„სამწუხაროდ, უკვე მრავალი თვეა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედან, უკრაინის ხელისუფლების მაღალი ტრიბუნებიდან გვესმის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებაზე, თითქოს რუსეთთან გარკვეულ კავშირებზე, რომ საქართველო არის სხვადასხვა უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის ტრანზიტული ქვეყანა, მთავარი იერიში არის ბიძინა ივანიშვილზე და მის ვითომ კავშირებზე რუსეთის ფედერაციასთან. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ არც ერთი ასეთი განცხადების უკან არასდროს არც ერთი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინიდან საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე საქართველოც იქნას ამ კონფლიქტში ჩათრეული, რაზეც ჩვენი მტკიცე პოზიცია იცით. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში არ გაიხსნას არანაირი ომის ახალი ფრონტი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებს, პირველი, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მეორე, პოდოლიაკს ვურჩევ, თავის ქვეყანას და თავის თავს მიხედოს, თავის რიგებში ეძებოს პრორუსი აგენტები, რომლებმაც დღეს გაყიდეს უკრაინა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

რაც შეეხება პოდოლიაკის განცხადებას, რომ აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები, ამილახვარის თქმით, უკრაინის ხელისუფლება მტკიცებულებებზე ადრეც საუბრობდა, თუმცა არაფერი წარმოუდგენიათ.

„გვახსოვს, „მტკიცებულებები“ ჰქონდათ, რომ საქართველოში ხდებოდა უკანონოდ სანქცირებული ტვირთის გამოყენება, გვახსოვს სხვადასხვა ბრალდება და მაშინ, როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, პასუხი იყო სიჩუმე. სწორედ ისეთივენაირი მტკიცებულებები აქვს ახლა პოდოლიაკს ბიძინა ივანიშვილის კავშირებთან დაკავშირებით, როგორც მაშინ ჰქონდათ, როდესაც ქვეყანა იყო ტრანზიტულ ქვეყნად დასახელებული“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.