გიორგი ამილახვარი - ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა დიალოგის ახალ პროცესს, იქ არანაირ კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება არ მომხდარა
გიორგი ამილახვარი - ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა დიალოგის ახალ პროცესს, იქ არანაირ კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება არ მომხდარა

ორბელიანების სასახლეში გაიმართა შეხვედრა, სადაც საფუძველი ჩაეყარა დიალოგის ახალ პროცესს და იქ არანაირ კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება არ მომხდარა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მეტიც, არაფერი სიახლე იმ საკითხებში არ არის, რაც აქამდე არ დასმულა განვლილი მოლაპარაკებების პროცესში, როგორც ჩვენი ოპონენტების, ისე ჩვენი, „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამიტომ, მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები ოპონენტების განცხადებებს, თითქოს, პრემიერ-მინისტრის რიტორიკა შეიცვალა, რადგან არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ გუშინაც, დღესაც და მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაშიც ვადასტურებთ მზაობას, რომ მზად ვართ, გავმართოთ დიალოგი, ვინაიდან ეს უალტერნატივო ინსტრუმენტია, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მზაობა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოთქვა, რომ ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესში, არის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, როგორც ქვეყნისთვის, ისე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის. 

„ამან ნამდვილად შექმნა კონსტრუქციული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა მოლაპარაკებების ახალ ეტაპს. ეს იგრძნობოდა, როგორც შიგნით, მოლაპარაკების დროს, ასევე გარეთ, ჩვენი ოპონენტების განწყობებიდან თუ განცხადებებიდან“, – განაცხადა ამილახვარმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინდელი შეხვედრიდან ზუსტად თორმეტ საათში, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.

„ჩვენ ვხედავთ პოლიციელებთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლას და პარლამენტის პიკეტირებას. გუშინ, ჩვენი ოპონენტები ერთი მხრივ, მზაობას აცხადებდნენ კონსტრუქციული დიალოგისთვის, მაგრამ რამდენიმე საათი არ არის გასული და მათგან ასეთ დამოკიდებულებას ვხედავთ. ეს მეტყველებს იმ ორმაგ სახეზე, რომელიც მათ გააჩნიათ“, – განაცხადა ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ოპოზიცია ქვეყნის პარტნიორთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში მხოლოდ იმ ნაწილს კითხულობს, რომელიც შესაძლოა, მისთვის მომგებიანი იყოს.

„რეალურად, ისინი არ კითხულობენ იმ ნაწილს, სადაც ჩვენი პარტნიორები მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და პოლიტიკური ცხოვრების ქუჩიდან პარლამენტში გადატანისკენ მოუწოდებენ“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციას არც ერთი რეალური არგუმენტი არ წარმოუდგენია და შესაბამისად, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი საფუძველს არის მოკლებული.

„მოვიდნენ, კომისიაზე დაამტკიცონ გაყალბება და მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარმა დებატებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბოტკოველსაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია.

„მათ ძალიან კარგად მოეხსენებოდათ, რომ მელიას ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მოჰყვებოდა. შესაბამისი ორგანო არათუ უფლებამოსილი, ვალდებულიც იყო, კანონის მოთხოვნებს მიჰყოლოდა და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ისინი ცდილობენ, ამ საკითხის დრამატიზირება მოახდინონ პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, ეს საკითხი თავშივე განწირულია. სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს არის ევროპის საბჭოს განცხადება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, არც პოლიტიკოსი, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის წარმომადგენელი. შესაბამისად, აქ სამართლებრივი ნაწილი არ არსებობს. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, ეს არის მათი მხრიდან სახელმწიფოს გამოცდა, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯს გადადგამდა და ახლა, მათთვის ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის გასაღები არის მათ ხელში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დატოვე კომენტარი