გიორგი ამილახვარი - მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვიმსჯელოთ მწვავე საკითხებზე, თუმცა ქართველი ხალხის ნების რევიზია ვერ მოხდება
გიორგი ამილახვარი - მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვიმსჯელოთ მწვავე საკითხებზე, თუმცა ქართველი ხალხის ნების რევიზია ვერ მოხდება

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ ელჩების ფასილიტაციით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ახლო მომავალში გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი და მოხდება მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება, კომპრომისზე წასვლა.

მისი თქმით, მზად არიან, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იმსჯელონ არსებულ მწვავე საკითხებზე, თუმცა ქართველი ხალხის ნების რევიზია ვერ მოხდება.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, განიხილოს ყველა საკითხი, მათ შორის ის რეკომენდაციები და ხარვეზები, რაც არჩევნებთან დაკავშირებით დასკვნებშია ასახული, თუმცა, მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ვინაიდან იკვეთება მათგან ულტიმატუმი, ქართველი ხალხის ნების რევიზია ვერ მოხდება, ვინაიდან არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას.

ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და განვიხილოთ შემდეგი არჩევნებისთვის იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც რეკომენდაციებში არის ასახული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, თუ დამკვირვებლების მიერ, ასევე სხვა მიმდინარე მწვავე საკითხები, რომლებიც დღეს ქვეყნაშია. ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად კომპრომისულად გამოვნახოთ საერთო ენა. ულტიმატუმის ენით მოლაპარაკება შედეგით ვერ დასრულდება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვიმსჯელოთ არსებულ მწვავე საკითხებზე. რაც შეეხება ქართველი ხალხის ნების რევიზიას, არჩევნების ხელახალ, თუ ვადამდელ ჩატარებას, ეს საკითხი დრომოჭმულია, ვინაიდან არჩევნები ყველა საერთაშორისო პარტნიორის, თუ დამკვირვებლის მიერ ლეგიტიმურად არის აღიარებული“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დატოვე კომენტარი