გიორგი ამილახვარი აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
გიორგი ამილახვარი აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან, ფარიდ გაიბოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა და უახლოეს მომავალში, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სერვისისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების შეთავაზება.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა წარმატებები უსურვა გიორგი ამილახვარს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში და მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ.