გიორგი ამილახვარი - არ გვაქვს პრობლემა, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ, კრიტერიუმებთან დაკავშირებით არანაირი კონტრარგუმენტი არ არსებობს
გიორგი ამილახვარი - არ გვაქვს პრობლემა, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ, კრიტერიუმებთან დაკავშირებით არანაირი კონტრარგუმენტი არ არსებობს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს.

მისივე თქმით, არ არსებობს პრობლემა, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნოს, რადგან კანონპროექტი პოზიტიური დასკვნის მოლოდინს იძლევა.

„პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით უკვე მიიღო, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს. პირდაპირ აღებულია უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულია როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მიერ. არ გვაქვს პრობლემა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნოთ, თუმცა დარწმუნებული ვართ, როგორც უკრაინის მიერ გადაგზავნილი კანონის დასკვნა, ჩვენ მიერ გადაგზავნილიც იქნება რელევანტური, პოზიტიური, რადგან არანაირი კონტრარგუმენტი არ არსებობს იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლებიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში ჩავდეთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამილახვარმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ოლიგარქების დასაცავად შექმნილი კანონპროექტია.

„ოპონენტების მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ ვერსიას რაც შეეხება, ალბათ მის სახელწოდებას უნდა მოვაცილოთ „დე“. მათი კანონპროექტი უფრო ოლიგარქების დასაცავად შექმნილი კანონპროექტია. მასში პირდაპირ იკითხება, რომ მოარგეს ერთადერთ ადამიანს, დავით კეზერაშვილს და ამოცანაა, როგორმე კანონი მას არ შეეხოს. მათი მთავარი სამიზნეა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მათივე ვერსიაც კი არ და ვერ ეხება ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ერთადერთი ამოცანა აქვთ, თავიანთი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი დაიცვან“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.