გიორგი აბურჯანია - საბერძნეთთან მოგება ძალიან გვჭირდება #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია - საბერძნეთთან მოგება ძალიან გვჭირდება #1TVSPORT

გიორგი აბურჯანიამ საქართველოს ნაკრების მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. პორტუგალიის პრიმეირალიგის „ჟილ ვისენტეს“ ქართველი ლეგიონერი გახარებულია იმ ფაქტით, რომ ნაკრები, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

„სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული. ამ თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება“, – ამბობს გიორგი აბურჯანია.

26 წლის ნახევარმცველი გახარებულია გადაწყვეტილებით, რომ სტადიონზე მაყურებელი დაუშვეს:

„დადებითი მოვლენაა, სტადიონზე გულშემატკივარი რომ ბრუნდება. ჩვენი გულშემატკივრების დიდი იმედი გვაქვს. მჯერა, რომ მათთან ერთად მეტოქის დამარცხებას შევძლებთ“.

„ბათუმი არენაზე“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 9 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).