გიორგი აბდალაძე - საერთაშორისო მედიაში 2011 წლის 26 მაისის აქციის ფოტოები რომ დაიბეჭდა, აჩვენეს მაშინდელ ე.წ. აღმაშენებელს, მიშას ბრძანება გაუცია, რომ იმ დღეს ვინც იღებდა, ყველა ფოტოგრაფი დაიჭირეთო
გიორგი აბდალაძე - საერთაშორისო მედიაში 2011 წლის 26 მაისის აქციის ფოტოები რომ დაიბეჭდა, აჩვენეს მაშინდელ ე.წ. აღმაშენებელს, მიშას ბრძანება გაუცია, რომ იმ დღეს ვინც იღებდა, ყველა ფოტოგრაფი დაიჭირეთო

2011 წლის 26 მაისის აქციის ფოტოები საერთაშორისო მედიაში რომ დაიბეჭდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე მაშინდელ ე.წ. აღმაშენებელს აჩვენეს, რომ ასეთი ფოტოები გამოქვეყნდა. მიშას ბრძანება გაუცია, ვინც იმ დღეს იღებდა, ყველა ფოტოგრაფი დაიჭირეთო, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

აბდალაძემ საგამოძიებო კომისიაზე ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის მონათხრობი გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები აჩვენეს, იმ ფოტოგრაფების დაჭერის ბრძანება გასცა, ვინც იმ დღეს იღებდა.

„ვიფიქრე, რომ გავრიდებოდით ვითარებას. ჩავედით ოფისში და იქიდან გადავაგზავნეთ ფოტოები საერთაშორისო მედიაში. მე როგორც მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როდესაც საპატიმრო დავტოვეთ, ამ ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოლიციელები როდესაც ხელბორკილს ადებენ, მერე ვალდებულება აქვთ, პირველადი დახმარება აღმოუჩინონ, თუ რამე მძიმე დაშავება აქვს მიღებული ადამიანს და ესენი რომ უმოწყალოდ სცემდნენ, ამან გამოიწვია ყველაზე დიდი რეზონანსი.

როგორც მე მითხრა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ეს საერთაშორისო მედიაში რომ დაიბეჭდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, თურმე მაშინდელ ე.წ. აღმაშენებელს, როგორც უწოდებენ დღეს ზოგიერთები და ამბობენ, რომ მან დააარსა სახელმწიფო, თურმე მას აჩვენეს, რომ ასეთი ფოტოები გამოქვეყნდა საერთაშორისო მედიაში. მეორე დღეს ისე ჩაატარეს აღლუმი და ისე დაარიგეს ის ღირსების ორდენები, ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, რომ ხალხი არის დაღუპული, ნაცემი, ნაწამები. მიშას უთხრეს ეს ამბავი და მას ბრძანება გაუციაო, ვინც იმ დღეს იღებდა, ყველა ფოტოგრაფი დაიჭირეთო. ასე მომიყვა ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა შემდეგ, როდესაც ეს ფოტოები აჩვენეს“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.