გიორგი აბაშიშვილი - ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ასე მენდობოდა, საოცარი კომფორტია ასე მუშაობა
გიორგი აბაშიშვილი - ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ასე მენდობოდა, საოცარი კომფორტია ასე მუშაობა

მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო.

ამის შესახებ აბაშიშვილი ფეისბუქზე წერს, სადაც ასევე ყვება, რომ გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის აგვისტოში გაიცნო, მაშინ როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. შემდეგ კი, 2014 წლის 30 მაისს ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გახდა.

„მოგვიანებით, პრეზიდენტმა დამნიშნა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, შემდგომ პრეზიდენტის სამდივნოს უფროსად, სამი წლის წინ კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. საოცრად ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ესე მენდობოდა. მენდობოდა ყველა საკითხში: დაწყებული საწერი ავტოკალმის შესყიდვიდან, გაგრძელებული ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობით. საოცარი კომფორტია ესე მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა – ჩემს უახლოეს მეგობარს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს“, – წერს აბაშიშვილი.

ამასთან, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ისინი უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან.

აბაშიშვილმა ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განცხადებას ადმინისტრაციიდან წასვლის თაობაზე დღეს დაწერს.

„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ. ამიტომ დღეს ჩემი წერილი დაგხვდებათ – „ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან“, – აღნიშნულია გიორგი აბაშიშვილის „ფეისბუქ“ პოსტში.