გიორგი აბაშიშვილი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რომ ქვეყანაში დარჩეს, ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს
გიორგი აბაშიშვილი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რომ ქვეყანაში დარჩეს, ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რომ ქვეყანაში დარჩეს, ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მისი პერსპექტივა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილმა ნაკადმა კურსზე დადებითი გავლენა მოახდინა. თუმცა აბაშიშვილის მოსაზრებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყანა სრულყოფილად ვერ სარგებლობს, რადგან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ გარეთ გაედინება. 

„როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეალურად დარჩეს ქვეყნაში. ამის ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ქვეყნის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ერთი დიდი ნაწილი ქვეყნიდან სწრაფადვე გადის. ეს არის მეორე ტიპის გამოწვევა ეროვნული ვალუტის კურსის ნაწილში, რომ ეს თანხები ადგილზე დავამაგროთ. ამ ნაწილში გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა გვჭირდება“, – განმარტა აბაშიშვილმა.

გადაცემის სტუმარმა ეკონომისტმა და საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, დათო კიკვიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყნის ტურისტულ რეკლამებზე დახარჯული თანხები ამართლებს და სასურველია ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს ბიუჯეტი გაუზარდონ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ის რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული არხები კიდევ უფრო გავაფართოვოთ და უფრო საფუძვლიანი ურთიერთობა დავამყაროთ ქვეყნის ჭრილში, რომ საქართველოში ტურიზმის პოპულარიზება მოხდეს. მე ასევე დავამატებდი, რომ შესაძლებელია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის გაზრდა, რადგან ტურიზმზე გაწეული დანახარჯებიდან რეალური შედეგები გვაქვს. იმ თანხებს, რასაც ტურიზმის ეროვნული სააგენტო ხარჯავს თუნდაც მარკეტინგული და სარეკლამო რგოლებისთვის, რეალური შედეგი აქვს. ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე ტურიზმი რეალურად იზრდება და ეს ჩვენთვის ფაქტობრივად დოლარის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, რაც კურსის სტაბილურობისათვის უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა დათო კიკვიძემ.