გიორგი აბაშიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი  დონის ახალი ფორმატის ფორმირებაზე დაიწყება მუშაობა
გიორგი აბაშიშვილი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი  დონის ახალი ფორმატის ფორმირებაზე დაიწყება მუშაობა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი  დონის ახალი ფორმატის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელზე მუშაობაც უკვე დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო და ევროკავშირი ორმხირივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან. ამის შესახებ შეთანხმდნენ პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრეზიდენტი იუნკერი შეხვედრის დროს. აღნიშნული ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლესი დონის ახალი ფორმატის ფორმირებას, რომელზე მუშაობაც უკვე დაიწყება“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.

„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრეზიდენტ იუნკერს გააცნო ის აქტივობები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან არის განხორციელებული უვიზო მიმოსვლის საკითხში წარმოქმნილი გარკვეული პრობლემური მიმართულების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ვიზალიბერალიზაციის პროცესში.

„ცხადია, პრეზიდენტი იუნკერი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, საქართველოს ქმედებებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში. რა თქმა უნდა, საქართველო აღიარებულია, როგორც მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ნაწილში და სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულება იყო პრეზიდენტ იუნკერის თანხმობა თანამშრომლობის ახალ, ორმხრივ ფორმატზე  გადასვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ.