გიორგი აბაშიშვილი - სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ინფორმირების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის რისკის შემცველია
გიორგი აბაშიშვილი - სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ინფორმირების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის რისკის შემცველია

ყოველთვის რისკის შემცველია, როდესაც სახელმწიფო ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბიზნესი ინფორმირებული არ არის, რადგან ბიზნესისთვის რთულია სწრაფად გადაწყობა და ბაზარზე რეაგირება, – ამის შესახებ ილიაუნის ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორ აფასებს აბაშიშვილი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდაზე ვადასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმებას.

აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რაც არ უნდა  პოზიტიური იყოს გადაწყვეტილების გავლენა, აუცილებელია ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაცია.

„ტრადიციულად ხდება ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია და ვერიდებით ხოლმე – სახელმწიფო ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამის შესახებ ბიზნესი ინფორმირებული და გაფრთხილებული არ იყო, რაც ყოველთვის რისკის შემცველია. ვისაც ბიზნესთან შეხება ჰქონია, იცის, თუნდაც ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს, ძალიან ძნელია მოულოდნელი გადაწყვეტილებების დროს სწრაფად გადაწყობა და ბაზარზე ადეკვატური რეაგირება. არ ვიცი, ეს თემა რამდენად გავლილი იყო ბიზნესთან, როგორც მედიასაშუალებებიდან ვნახე, ეს თემა გავლილი არ იყო. ზოგადად, არ მივესალმები მოულოდნელი გადაწყვეტილებებს, რამდენადაც მისი გავლენა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება პოზიტიური იყოს, წინასწარ კომუნიკაცია საჭიროა. სრულად ვეთანხმები ბიზნესომბუდსმენის დღევანდელ განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით. იმედია, ახლო მომავალში მეტი ინფორმაცია გვექნება, როგორც ფინანსთა სამინისტროს განმარტება, ისე ბიზნესის პოზიცია და უკეთესად შევძლებთ სიტუაციის შეფასებას“, – განმარტა აბაშიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა.

ამასთან, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მთავრობას მიმართავს, კონსულტაციებამდე ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიებისთვის არსებული მოცემულობა შენარჩუნდეს. მისი შეფასებით, შეღავათების გაუქმებაზე ბრძანება ბიზნესთან კომუნიკაციაში ფინანსთა სამინისტროს ჩავარდნას წარმოადგენს.