გიორგი აბაშიშვილი - „საჯარო სამსახურის შესახებ“ პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია
გიორგი აბაშიშვილი - „საჯარო სამსახურის შესახებ“ პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, ლაჩრულს, ვერაგულს, დისკრიმინაციულსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.

როგორც გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც.

“ეს არის მორიგი დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე უკვე მერამდენე, სათვალავი ამერია. მინდა, მათ ვურჩიო, რომ ამდენ უბადრუკ მცდელობას, ჯერ კიდევ ხომ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგნენ და მთლიანად გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ჩვენ აღარ ვირჩევთ და დაისვენებენ თავადაც, რადგან ძალიან ბევრს წვალობენ. მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არის ვერაგული და ლაჩრული გადაწყვეტილება პროფესიონალებთან მიმართებაში, რომლებიც აქ, ამ შენობაში არიან. მაგრამ მესმის, მათ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ.

გადაწყვეტილება ცალსახად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მარცვალიც რომ იყოს მასში სწორი, მაშინ, ეს გადაწყვეტილება თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე. მინდა, ამ აბსურდის, ე.წ. ავტორებს ვუთხრა, რომ კარგი იქნებოდა ვიდრე ისინი აბსურდს ჰქმნიდნენ, პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის დამწყებ სტუდენტებთან ათ წუთიანი კონსულტაცია მაინც გაევლოთ, რომ საკუთარ აბსურდში ეს ახალგაზრდები მათ დაარწმუნებდნენ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.