გიორგი აბაშიშვილი - ნარკოპოლიტიკის თემით სპეკულირება უნდა დასრულდეს და რეალური ქმედითი ნაბიჯები უნდა დაიწყოს
გიორგი აბაშიშვილი - ნარკოპოლიტიკის თემით სპეკულირება უნდა დასრულდეს და რეალური ქმედითი ნაბიჯები უნდა დაიწყოს

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სპეკულაციის ახალი ტალღა იწყება, რომ თითქოს ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნარკომომხმარებლების მიმართ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური და ეს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა.

„არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია ჩვენი მხრიდან, რომ მომხმარებლების ნაწილში ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად ჰუმანური. ამ კუთხით რომ ნაბიჯები გადასადგმელია, ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ. სამწუხაროა, რომ ქმედითი ნაბიჯები ვერა და ვერ გადაიდგა. დაუშვებელია მუდმივი სპეკულირება ამ თემით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, რომ ის, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ, ის, რაზეც თითქოს ყველა თანხმდება, ასახული იქნას შესაბამის დოკუმენტებში. სამწუხაროა, რომ ახლა ახალი ტალღა იწყება სპეკულაციის, თითქოს, ჯერ ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა, არადა საქართველოს პარლამენტში დევს უკვე კანონპროექტი მოხმარების მუხლის ლიბერალიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, სპეკულაცია უნდა დასრულდეს და რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

„ვიღაცას სურს, რომ ეს კვლავ აქციოს სპეკულაციის საგნად, ეს უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს რეალური ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ამასთან, აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივით, ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს ანტინარკოტიკულ კამპანიას.

„ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ მხარს დავუჭერთ და პრეზიდენტიც მზად არის, მხარი დაუჭიროს ანტინარკოტიკული კამპანიის განვითარებას ქვეყანაში, რომელსაც განახორციელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იქნებიან ესენი ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე ვთქვათ ქლაბერები, ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები თუ სხვა. ველით მათგან ინიციატივებს და მზად ვართ ანტინარკოტიკული კამპანიის კუთხით, პრეზიდენტის ინიციატივით არაერთ პროექტს დავუჭიროთ მხარი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.