გიორგი აბაშიშვილი - მარგველაშვილი ღირებულებების ერთგულია, განსხვავებით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თანხის შეთავაზებას ელოდებიან
გიორგი აბაშიშვილი - მარგველაშვილი ღირებულებების ერთგულია, განსხვავებით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თანხის შეთავაზებას ელოდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს, რადგან „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს და საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ვერ ახერხებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ გუშინ მორიგი არაადეკვატური თავდასხმა განხორციელდა, რაც ახალი არ არის.

„რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობთ, ასე არ არის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმები იმ პერიოდში ხორციელდება, როდესაც ის საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს, ეს იქნება სტუდენტები, არასამთავრობო სექტორი თუ მოსახლეობა. უმრავლესობა განსაკუთრებით სწორედ ამ დროს აქტიურდება. უმრავლესობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნერვიულობს, რადგან უმრავლესობას საპრეზიდენტო კანდიდატები არ ჰყავს. საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ვერ ახერხებს და ჩემი აზრით, ვერც მოახერხებს იქიდან გამომდინარე, რომ იმ პოლიტიკური გუნდს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან პრეზიდენტის ინსტიტუტს ებრძოდა, გაუჭირდება, საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს. რა უნდა თქვას? – ვისაც პრეზიდენტის საზოგადოებასთან შეხვედრა საარჩევნო კამპანია ჰგონია, სერიოზული პრობლემაა. როგორც წესი, ამ პოლიტიკოსებს ამომრჩეველი არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსენდებათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ“, – აღნიშნავს აბაშიშვილი.

პირველი არხის კითხვა – აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას და აქვს თუ არა მას გამარჯვების შანსი, რადგან თავის დროზე, მან საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გაიმარჯვა, აბაშიშვილმა აქცენტი მარგველაშვილის ღირებულებებზე გადაიტანა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში, არამხოლოდ თბილისში, მესამე კამპანიას ატარებს, რომელიც შეეხება მოქალაქეთა აქტიურობას არჩევნებში, საქართველოს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ სწრაფვას. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ თემაზე ნერვიულობენ, ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობენ. პრეზიდენტი მარგველაშვილი ღირებულებების ერთგულია, განსხვავებით ტრანსფერზე დამდგარი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გუნდისგან მაღალი თანხის შემოთავაზებას ელიან, რომ უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ. შეგიძლიათ, სია იხილოთ. სია გრძელია. ამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოველთვის ღირებულებების ერთგული იყო, როცა საქმე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას შეეხებოდა. პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე განცხადება იყო, ასევე შედარებები იყო სხვადასხვა ბიბლიური ამონარიდიდან. როგორც ჩანს, საქართველოში არამხოლოდ კონსტიტუციის წაკითხვისა და აღქმის პრობლემაა, არამედ სხვა მიმართულებითაც პრობლემები გვაქვს, მათ შორის ბიბლიის წაკითხვის. საჭიროა, ამ კუთხით კიდევ უფრო ახლიდან გავაძლიეროთ მუშაობა“, – დასძინა აბაშიშვილმა.