სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის წევრებს ხუთშაბათს შეხვდება
სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის წევრებს ხუთშაბათს შეხვდება

ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილისა და შეწყალების კომისიის წევრების შეხვედრა შედგება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ „ქართული ოცნება“ და „ევროპულმა საქართველომ“, მინდა, მივესალმო მინისტრ კახა კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მე დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა გუშინ, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეწყალების კომიისის საკითხებზე პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდეს.