გიორგი აბაშიშვილი - ისეთ პრემიერს ვისურვებდი, რომლისთვისაც ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება თანაბრად პრიორიტეტული იქნებოდა
გიორგი აბაშიშვილი - ისეთ პრემიერს ვისურვებდი, რომლისთვისაც ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება თანაბრად პრიორიტეტული იქნებოდა

ისეთ პრემიერს ვისურვებდი, რომლისთვისაც ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება თანაბრად პრიორიტეტული იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს „ბიზნესპარტნიორის“ მსვლელობისას განაცხადა. გადაცემაში პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის მოღვაწეობა განიხილეს. ბახტაძემ პრემიერის პოსტი დღეს დატოვა.

აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ბახტაძე ყოველთვის წინა პლანზე აყენებდა სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობისა და სიძლიერის საკითხს, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის. ახალი პრემიერს კი ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების თანაბარ პრიორიტეტებად აღიარებას ურჩევს.

„პრემიერი ბახტაძე წინა პლანზე ყოველთვის სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობისა და სიძლიერის საკითხებს აყენებდა, რაც ძალიან დასაფასებელია და მას ამისთვის მადლობა მინდა, ვუთხრა. ვისურვებდი ისეთ პრემიერს, რომელიც გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად მიიღებდა და რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტები იქნებოდა, როგორც ეკონომიკური განვითარება, ისე უსაფრთხოება. შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქე ერთი მხრივ ეკონომიკური თვალსაზრისით უკეთ იცხოვრებდა, ინკლუზიურ განვითარებას ვგულისხმობ, რასაც ამ დრომდე ვერაფრით მივაღწიეთ. და მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანაში და სახლში თავს მაქსიმალურად დაცულად იგრძნობდა, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების მიმართ“, – განმარტა გიორგი აბაშიშვილმა.