გიორგი აბაშიშვილი - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ პრეცედენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების 
გიორგი აბაშიშვილი - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ პრეცედენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების 

მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ პრეცედენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მისასალმებელია, რომ ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს შორის.

მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა შევქმნათ პრეცედენტი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების. ამავდროულად, გამოვთქვათ იმედს, რომ ეს პრეცედენტი იქნება სამაგალითო სხვა შემდგომი უფლებების გადაცემის ნაწილში, როცა იქნება სხვა პრეზიდენტი უკვე სხვა დროს.

ასევე მქონდა შეხვედრა არჩეული პრეზიდენტის გუნდის წევრთან, ლაშა ჟვანიასთან“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

​კითხვაზე, შემცირდება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კადრები, აბაშიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ამას ვერ მოგახსენებ. ადმინისტრაციაში მუშაობენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, პრაქტიკულად ყველა რგოლში და თითოეული მათგანის კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.