გიორბელიძის ტრავმა სერიოზული არ არის - ავსტრიაში 27 ივლისს გავემგზავრები
გიორბელიძის ტრავმა სერიოზული არ არის - ავსტრიაში 27 ივლისს გავემგზავრები

გურამ გიორბელიძის ტრავმა, სავარაუდოდ, მძიმე არა არის და ფეხბურთელი ავსტრიაში გაემგზავრება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თვითონ სპორტსმენმა განაცხადა.

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში, თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრისას გორის „დილას“ მცველი გურამ გიორბელიძე პირველ ტაიმში დაშავდა და მოედის დატოვება მოუხდა – ახალგაზრდა მცველს ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და გამგზავრებას აპირებდა, მაგრამ ტრავმა ხელს არ შეუშლის.

„ავსტრიაში აუცილებლად გავემგზავრები. საბედნიეროდ, მძიმე დაზიანება არ აღმომაჩნდა და მაქსიმუმ, 10 დღით დასვენება მომიხდეს. ავსტრიაში კი 27 ივლისს, გამთენიისას მივემგზავრები. სამედიცინო შემოწმებას გავივლი და გუნდის წევრი გავხდები, კონტარქტი კი უკვე გავაფორმე. ამის შემდეგ გუნდს შეკრებაზე შევუერთდები“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გურამ გიორბელიძე.

24 წლის გურამ გიორბელიძე მარცხენა მცველია. ბოლნისელი ფეხბურთელი „სიონის“ აღზრდილია. 2019 წელს ის გორის„დილაში“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. მან ორწლიანი ხელშკერულება გააფორმა ავსტრიული გუნდ „ვოლფსბერგერთან“, რომელმაც ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

გურამ გიორბელიძე იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და მისი ფორმით ექვსი მატჩი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი