გიორბელიძის შეცვლა მატჩის საკვანძო მომენტი აღმოჩნდა - ქართველმა მცველმა დრეზდენელთა ძირითადში პირველად ითამაშა და დაშავდა #1TVSPORT
გიორბელიძის შეცვლა მატჩის საკვანძო მომენტი აღმოჩნდა - ქართველმა მცველმა დრეზდენელთა ძირითადში პირველად ითამაშა და დაშავდა #1TVSPORT

გურამ გიორბელიძემ დრეზდენის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ მისი გუნდისთვის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩი წარუმატებელი გამოდგა.

დრეზდენის „დინამო“ „რეგენსბურგს“ ესტუმრა და 1:3 წააგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრიული „ვოლფსბურგერიდან“ „დინამოში“ გადასულმა ქართველმა მცველმა გერმანული კლუბის სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა.

წინა მატჩის შემდეგ დრეზდენის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე შმიდტმა ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე შეცვალა – მათ შორის მიკაელ აკოტო, რომელსაც მატჩის გამოტოვება მესამე ყვითელი ბარათის გამო მოუხდა. ეს უკანასკნელი მარცხენა ფლანგის მოთამაშეა და სასტარტო შემადგენლობაში მწვრთნელმა მის ნაცვლად გურამ გიორბელიძე ათამაშა.

მასპინძლები მატჩის 34-ე წუთზე ბენედიკტ სალერის გოლით დაწინაურდნენ. „დინამომ“ 47-ე წუთზე წონასწორობა კრისტოფ დაფერნერის თავური დარტყმის შემდეგ აღადგინა. საქართველოს ნაკრების მცველმა მოედანი 79-ე წუთზე დატოვა და „რეგენსბურგმადრეზდენელთა კარი ორჯერ აიღო. მასპინძლები კაან კალისკანერმა (80 წთ) დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი ხარალამბოს მაკრიდისმა 82-ე წუთზე დააფიქსირა.

გიორბელიძის შეცვლა მატჩის საკვანძო მომენტი აღმოჩნდა“, – ასე დაასათაურა მომხდარი გერმანულმა გამოცემა tag24-მა.

„დრეზდენის „დინამოს“ მწვრთნელმა ალექსანდრე შმიდტმა მეორე გოლს თამაშის საკვანძო მომენტი უწოდა, რადგან მას 30 წლის პასკალ სომას შეცვლა სურდა, რათა თამაშში მაღალი მოთამაშეები ჩაერთო. მაგრამ გურამ გიორბელიძე დაშავდა და იძულებული გახდა 79-ე წუთზე შეეცვალა. ცვლილება სწორედ მაშინ მოხდა, როცა კუთხური დაინიშნა. ამ დროს მასპინძელთა მწვრთნელმა მოედანზე შეუშვა გიგანტი კაან კალისკანერი (192 სმ), ჯოელ ზვარტსი (190 სმ) და ხარალამპოს მაკრიდისი (180 სმ) – გადამწყვეტი გოლები ორმა მათგანმა სტანდარტის შემდეგ გაიტანა“, – წერს გერმანული გამოცემა.

„მინდოდა შემეყვანა პასკალ სომა, რომელიც მაღალი და ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რათა საშიში სტანდარტების დროს თავი უკეთ დაგვეცვა. მაგრამ ზუსტად ამ დროს გიორბელიძე დაშავდა და მომიხდა ის კრის ლიოვით ჩამენაცვლებინა, რომელიც ტანით ბევრად პატარაა“, – თქვა მატჩის შემდეგ შმიდტმა.

დატოვე კომენტარი