გიორბელიძე სამუშაო ვიზის მოლოდინშია - დრეზდენის „დინამო“ ამის შემდეგ წარადგენს #1TVSPORT
გიორბელიძე სამუშაო ვიზის მოლოდინშია - დრეზდენის „დინამო“ ამის შემდეგ წარადგენს #1TVSPORT

ორი დღე გავიდა, რაც გურამ გიორბელიძემ დრეზდენის „დინამოში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. პრეზენტაცია სამშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბი ტრანსფერზე ისევ არაფერს იუწყება.

ხომ არ ჩაიშალა ტრანსფერი? საქართველოს პირველი არხი ამ საკითხით დაინტერესდა, მაგრამ მოთამაშესთან დაახლოებულმა მენეჯერმა გვაცნობა, რომ გიორბელიძე დრეზდენის „დინამოში“ აუცილებლად გადავა, მაგრამ ახლა იურიდიულ პრობლემებს აგვარებს.

საქმე ისაა, რომ 24 წლის ქართველ მცველს გერმანიის სამუშაო ვიზა სჭირდება, არაევროკავშირის ქვეყნის მოთამაშეს კი ამ საკითხის მოსაგვარებლად უფრო მეტი დრო სჭირდება. ამჟამად გიორბელიძე ავსტრიაში საჭირო საბუთებს აგროვებს – სავარაუდოდ, სამუშაო ვიზას ორშაბათს მიიღებს და დრეზდენის „დინამოში“ მხოლოდ ამის შემდეგ წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ქართველი მცველის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბში გადასვლის შესახებ „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა, დიტმარ რიგლერმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ „გიორბელიძე ჩვენი გუნდის ნაწილი აღარ იქნება“.

გურამ გიორბელიძე მარცხენა მცველია. „ვოლფსბერგერში“ 2020 წლის ივნისში გადავიდა და გუნდის ფორმით ავსტრიის ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპა ლიგაზე – 3 მატჩი.

საქართველოს ნაკრების მცველმა „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ მეორე ბუნდესლიგის გუნდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რაც ფინანსურის გარდა, კარიერაში წმინდა სპორტული კუთხითაც წინსვლა იქნება.