გიორბელიძე ავსტრიაში გაემგზავრა 
გიორბელიძე ავსტრიაში გაემგზავრა 

გურამ გიორბელიძე ავსტრიაში გაემგზავრა – გორის „დილას“ ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ავსტრიის ბუნდესლიგის მესამედადგილოსანის, „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი გახდება.

24 წლის მცველი ავსტრიაში თბილისი-ამსტერდამის რეისით გაემგზავრა და ავსტრიამდე ლამის ნახევარი ევროპის გავლა მოუწევს.

„პირდაპირ ავსტრიაში გამგზავრება არ მომიწევს. ამსტერდამიდან ავსტრიამდე ორჯერ მატარებლის გამოცვლა დამჭირდება, მერე კი მანქანით უნდა ჩავიდე. კარგი წვალება მომიწევს, მაგრამ სხვა რა გზაა – ახლა ავიამიმოსვლები მთელს ევროპაში შეზღუდულია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გურამ გიორბელიძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის მე-6 ტურში თბილისის „დინამოსთან“ ტრავმა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანება არ დაუდგინდა.

„კუნთი იყო დაზიანებული და მირჩება. ყოველდღე უკეთესობას ვგრძნობ. მკურნალობას ავსტრიაში ჩასვლის შემდეგაც გავაგრძელებ და ვარჯიშს მალე დავიწყებ“, – გვითხრა გიორბელიძემ.

24 წლის გურამ გიორბელიძე მარცხენა მცველია. ბოლნისის „სიონის“ აღზრდილი გორის „დილაში“ 2019 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. ივლისის დასაწყისში ავსტრიულ „ვოლფსბერგერთან“ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა: „კონტრაქტი უკვე გაფორმებული მაქვს, ახლა დარჩენილია სამედიცინო შემოწმება და ხელშეკრულება ძალაში შევა“.

გურამ გიორბელიძე იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და მისი ფორმით ექვსი მატჩი ჩაატარა.