გიგლა მიქაუტაძე - ვერ დავრწმუნდი, რომ იპოთეკურ სესხებს რეგულაციები აუცილებლად სჭირდებოდა
გიგლა მიქაუტაძე - ვერ დავრწმუნდი, რომ იპოთეკურ სესხებს რეგულაციები აუცილებლად სჭირდებოდა

რეგულაციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შემოიღო, ალბათ საჭირო იყო ონლაინ და სწრაფ სესხებთან მიმართებით, მაგრამ ვერ მოვისმინეთ საკმარისი არგუმენტაცია იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარემ, გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა.

„ვფიქრობ, რეგულაციები, რომელიც გატარდა, ალბათ საჭირო იყო ონლაინ სესხებთან და სწრაფ სესხებთან მიმართებით, ამაზე ფაქტობრივად კონსენსუსი არსებობს, მაგრამ ვერ მოვისმინეთ საკმარისი არგუმენტაცია იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით, რადგან, შეიძლება, იპოთეკურ სესხებში გარკვეული პრობლემები შეიქმნა ბოლო პერიოდში და გაიზარდა პრობლემური სესხები, ეს ძირითადად იყო დაკავშირებული ლარის კურსთან და არა სესხების გაცემის სტანდარტების შემცირებასთან. ამიტომ ეს სხვა ტიპის პრობლემაა, შესაბამისად მე პირადად ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ იპოთეკურ სესხებს ეს რეგულაციები აუცილებლად სჭირდებოდა, შედეგი კი, სახეზე გვაქვს: შემცირებული ზრდა მშენებლობაში, შემცირებული დასაქმება და შემცირებული ინვესტიციები“, – განაცხადა „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარემ.

შესაბამისად, გიგლა მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით რეგულაციები კიდევ უფრო უნდა შემსუბუქდეს.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ფარგლებში შემოღებულ რეგულაციებთან დაკავშირებით დღეს დისკუსია გაიმართა.

დატოვე კომენტარი