გიგლა მიქაუტაძე - დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მოტივაცია უნდა მივცეთ, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით წავიდნენ
გიგლა მიქაუტაძე - დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მოტივაცია უნდა მივცეთ, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით წავიდნენ

ეს პრობლემა ყველა სექტორში არსებობს, მაგრამ სწრაფად მზარდ სექტორებში, სადაც მოკლე პერიოდში უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, სამუშაო ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს აცდენილია“, – განაცხადა „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცე პრეზიდენტმა, პროექტ “რეფორმეტრის” მენეჯერმა, გიგლა მიქაუტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში მიდის საუბარი, რომ კადრები სჭირდებათ და ვერ შოულობენ.

როგორც გიგლა მიქაუტაძემ აღნიშნა, საჭიროა, არსებული ასიმეტრიული ინფორმაციული ვითარება აღმოიფხვრას.

„ერთი მხრივ, დამსაქმებლებს უნდა ვუთხრათ, რომ კარგი კადრები არსებობენ და აუცილებელი არ არის, ეს კადრები უმაღლეს სასწავლებლებში ეძებონ. მეორე მხრივ, მოსწავლეებს, რომლებიც სკოლას ამთავრებენ, მოტივაცია უნდა მივცეთ, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით წავიდნენ“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ინფორმირებულობის პრობლემა მაინც არსებობს. 

„ამ საკითხზე შეხება მქონდა პროექტ “რეფორმეტრის” ფარგლებში, რომელიც ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობას აფასებს და ვნახე, რომ ბევრი რამ გაკეთდა, რათა ახალგაზრდას პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ პრესტიჟულობის, ცნობადობის პრობლემამდე მაინც მივდივართ. პროფესიული განათლება სკოლის მოსწავლეებში პრესტიჟული არ არის, რაც ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ვიცე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პროფესიის არჩევისას, აბიტურიენტი ვაკანსიების საიტზე შედის და ათვალიერებს, რომელ პროფესიაზე უფრო მეტი განაცხადია, რაც შესაძლოა, ერთი მხრივ, სწორია, რადგან რაც უფრო მეტი ვაკანსიაა, დასაქმების შანსიც მეტია, მაგრამ ასეთ პროფესიებზე მიწოდებაც მეტია და, შესაბამისად, შესაძლოა, შანსი პირიქით მცირდებოდეს.

„ამიტომ მიჩნდება კითხვა, დეფიციტური პროფესიების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტმა თუ ნებისმიერმა სხვამ სად უნდა ნახოს, რომ არჩევანი სწორედ ამ დეფიციტურ პროფესიებზე გააკეთოს“, – განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.