გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ „ერთიანი საქართველო“ სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებას ამერიკული ბაზის გახსნის ნაწილში არ ეთანხმება
გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ „ერთიანი საქართველო“ სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებას ამერიკული ბაზის გახსნის ნაწილში არ ეთანხმება

„ერთიანი საქართველოს“ წევრი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ მისი პარტია სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებას აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნის ნაწილში არ შეუერთდა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბარამიძის განმარტებით, საარჩევნო საკითხებთან მიმართებით პოზიციები ერთიანია.

„ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელიც საზოგადოებამ მოგვიწონა, წერია ძალიან მკვეთრად მაქსიმალური კავშირები, მაქსიმალური ინტეგრაცია შეერთებულ შტატებთან ამ ორმხრივ ურთიერთობებზე. ამიტომ ვფიქრობ, გასაგებად გვაქვს ეს ნათქვამი. რაც შეეხება კონკრეტულად ბაზის გახსნას, შეერთებულ შტატებს ამასთან დაკავშირებით ჯერ თავად არასოდეს გაუკეთებია განცხადება და ჩვენ გინდა თუ არა ვიაქტიუროთ და ეს ვთქვათ, ვფიქრობ, ნაადრევია. იქ არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიზიარებთ და ყოველდღიურ კონტაქტში ვართ და ერთად ვართ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ საკითხს, ჩვენ ნაადრევად მიგვაჩნია და თავს ვიკავებთ. სხვა არაფერი განსხვავება ჩვენს კოლეგებთან სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ გვაქვს. თანხვედრა გვაქვს ყველაფერში არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს განცხადება იმ პუნქტების მიხედვით არ არის მიუღებელი, მაგრამ ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად და ნაჩქარევია განცხადების გაკეთება კონკრეტულად მეგობარი ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, რადგან თავად ეს ქვეყანა ამ საკითხზე ჯერ არ საუბრობს. ბევრი საკითხია კულუარული, პოლიტიკური და ამიტომ ამაზე ჩვენ მეტს აღარ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება დღეს გაავრცელეს. განცხადების ტექსტი და ხელმომწერთა სია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადების ხელმომწერთა შორის თავდაპირველად 23 პარტია იყო. მოგვიანებით, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან განცხადება ხელმეორედ გამოიგზავნა, სადაც ხელმომწერთა შორის „ტრიბუნა“ იყო დამატებული.

არც თავდაპირველ და არც მოგვიანებით გამოგზავნილ ვერსიაში განცხადების ხელმომწერთა შორის ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“ არ არის.