გიგი წერეთელი - ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ცუდი გავლენა ექნება საარჩევნო კამპანიაზე
გიგი წერეთელი - ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ცუდი გავლენა ექნება საარჩევნო კამპანიაზე

ზუგდიდში მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად მიუღებელია, პირველ რიგში, პოლიტიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და შესაბამისად, მსგავსი ფაქტები შიშისა და სისუსტის გამოხატულებაა.

„როგორც ჩანს, ადგილობრივ კანდიდატსა და ხელისუფლებას ძალიან ეშინია სანდრა რულოვსის კანდიდატურის. მეორე მხრივ, საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიჯის თვალსაზრისით და თუ ასე გაგრძელდა, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო გაღრმავდება უფსკრული ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ეს არის ძალიან სახიფათო მიდგომა ჩემი აზრით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ ძალიან ფრთხილი უნდა იყოს პოლიციაც და ხელისუფლებაც.

„ეს შეფასდება უარყოფითად და ექნება ძალიან ცუდი გავლენა საარჩევნო კამპანიაზე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე  პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.