გიგი წერეთელი - თამბაქოს ნაწარმის პატარა ულუფებად დაყოფა და ღერებად გაყიდვა, ხელმისაწვდომობას უფრო გაზრდის
გიგი წერეთელი - თამბაქოს ნაწარმის პატარა ულუფებად დაყოფა და ღერებად გაყიდვა, ხელმისაწვდომობას უფრო გაზრდის

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგი წერეთელის განცხადებით, 50 გრამის ნაცვლად, 15 გრამი თამბაქოს ღერებად შეფუთვა და გაყიდვა, ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

მისივე შეფასებით, ეს კი განსაკუთრებით შეუქმნის საფრთხეს მოზარდებსა და ახალგაზრდებს.

გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ მთავრობამ კარგად უნდა ახსნას, თუ რატომ ხდება თამბაქოს შეფუთვის უფრო მცირე მოცულობით გაყიდვის თაობაზე ცვლილებების ინიცირება.

„ჯანდაცვის კომიტეტში იხილება ინიციატივა, რომელიც გულისხმობს თამბაქოს შეფუთვის კიდევ უფრო მცირე მოცულობით გაყიდვას და კანონში ცვლილებებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება კარგად უნდა იყოს ახსნილი მთავრობის მხიდან, თუ რატომ ხდება ამის ინიცირება. გაცხადებული პოლიტიკა თუ არის, რომ ხელმისაწვდომობა შემცირდეს, პატარა ულუფებად დაყოფა და ღერებად გაყიდვა, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგება და კიდევ უფრო გაზრდის თამბაქოზე ხელმისაწვდომობას, რაც განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს ბავშვებს, მოზარდებს და ახალგაზრდებს. დღეს ნებადართულია მინიმუმ 50 გრამის ღერებად შეფუთვა და ასე გაყიდვა. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ეს 15 გრამამდე, თითქმის 3-ჯერ შემცირდეს, რაც უტოლდება დაახლოებით ერთ კოლოფ სიგარეტს“ ,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა არიან. ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის 15-გრამიან შეფუთვებში გაყიდვაც შესაძლებელი იქნება.

ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ კანონპროექტის კენჭისყრა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დამატებითი განმარტებების მიღების მოტივით გადაიდო.