გიგი წერეთელი - საერთაშორისო გამოხმაურებებში შეიძლება ორივე მხარის მიმართ არის მოწოდებები, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ
გიგი წერეთელი - საერთაშორისო გამოხმაურებებში შეიძლება ორივე მხარის მიმართ არის მოწოდებები, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ

საერთაშორისო გამოხმაურებებში შეიძლება ორივე მხარის მიმართ არის მოწოდებები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაიზრდება.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან აქტიურად გამოეხმაურა ამ არასასიამოვნო ფაქტს, რაც ნიკა მელიას ეხება. ეს კიდევ გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდი ზეწოლა იქნება. შეიძლება აქ ორივე მხარის მიმართ არის მოწოდებები, ეს ჩვეულებრივი ამბავია ასეთ ვითარებაში, როდესაც ორი მხარეა ამ პოლარიზაციაში, მაგრამ მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები პირველ რიგში საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ, რომ უნდა იმოქმედონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, ახსენებენ თავისუფალ მედიას, თავისუფალ სასამართლოს, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიუღებლობას და ა.შ.

საქართველოს ხელისუფლება ამას არ თუ გაითვალისწინებს და ჯიუტად გააგრძელებს თავისი ხაზის გატარებას, რასაც მგონი ახლა აპირებენ, ეს იქნება ძალიან ცუდი არა მარტო მთავრობის წევრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა წერეთელმა.