გიგი წერეთელი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციის ალიანსში, ამას თავადაც აცხადებენ, მაგრამ მათი აქტიურობა არ არის ისეთი, როგორიც სხვა წევრების, ამიტომ ისმება კითხვის ნიშნები
„ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ოპოზიციის ალიანსში, ეს მათი განცხადებებია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოპოზიციური ალიანსის წევრმა, გიგი წერეთელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არის ასე, მართლაც გარკვეული იმედებით შექმნილი ალიანსი, სადაც ბევრმა პარტიამ, პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის ჩვენც, ყველამ გადადო რაღაც გვერდით. იმიტომ, რომ სხვადასხვა აქტორს შორის ისტორია საქართველოში დაძაბულია პოლიტიკური ხომ? უამრავი რამ არის წინა პერიოდში მომხდარი იმგვარი, რომელიც შეიძლება, პარტნიორობის საშუალებას არ იძლეოდეს. გავა დრო და სამწუხაროდ, დღევანდელი პოლარიზაცია და ასე დაძაბულობაც ამ შედეგებს მოიტანს ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ ახლა ეს ამოცანები, ეს მოცემულობა გვქონდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ალიანსი შეგვექმნა. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, თუ საზოგადოება დემოკრატიულია და ქვეყანა არის დემოკრატიული, ან უნდა იყოს დემოკრატიული, ბუნებრივია, უნდა იყოს აქტიური ოპოზიცია და მისი ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების ჩანაცვლება. „ქართულ ოცნებას“ რომ უკვირს, როცა თვითონ იყო ოპოზიციაში, ამოცანად ცხადდებოდა ჩანაცვლება მაშინდელი ხელისუფლების ხომ? ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ რაღაც არ მოგვწონს, საზოგადოების დიდ ნაწილს რაღაც არ მოსწონს და ეს არ არის რამე დანაშაული, რომ გინდოდეს, დემოკრატიულად, მშვიდობიანად, არჩევნებით მიაღწიო, ჩაანაცვლო ხელისუფლება“, – განაცხადა წერეთელმა.
მისი თქმით, ალიანსის მთავარი ამოცანა იყო სწორედ ამ ალტერნატივის ჩვენება.
„მათ შორის, იმის ჩვენებაც, რომ საზოგადოებას ესმოდეს, შეიძლება, განსხვავებები ბევრი იყოს, მაგრამ მომავალი მთავრობა ვთქვათ, გულისხმობს იმას, რომ შეიძლება, სხვადასხვა განწყობის, მაგრამ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები ერთად სხდებიან და მუშაობენ. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს, კოალიციური მთავრობების, გერმანია იქნება, თუ სხვა ქვეყნები იქნება, სადაც პირიქით, მემარცხენე და მემარჯვენე ზის ერთად და ერთად აკეთებენ ქვეყნისთვის საქმეს“, – განაცხადა წერეთელმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ეს ყველაფერი მუდმივი დაპირისპირების ფონზე და სად არის „ნაციონალური მოძრაობა“, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს ცუდი და დამაზიანებელია, კარგი არ არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილები ალბათ, არის და შეიძლება, მარტო „ოცნებას“ არ აქვს, სხვასაც აქვს, რადგან კონკურენცია ოპოზიციურ ველზეც არის, ჯერჯერობით, ეს ალიანსი ფუნქციონირებს და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობაც“ აცხადებს, რომ იქ არის.
„ოღონდ, ამ ალიანსის საფუძველი არის შეთანხმება და გარკვეული წესები, რომელიც ჩვენ პირველად დავაწესეთ ერთმანეთთან, მათ შორის, ეთიკის საკითხებში, ურთიერთობის საკითხებში, თანასწორობის პრინციპი და ბუნებრივია, აქტივობაც. ახლა, ნუ რა დასამალია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენად აქტიური შეხვედრებზე დასწრებაც არ იყო, მაგრამ ჩვენ, მე პირადად, საერთოდ ვთვლი, რომ არ არის საჭირო რაღაცის ჰიპეტროფირება, მაგალითად, თუ შიდა პრობლემებია მოსაგვარებელი და არის როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“, საკითხები, შიდა რეფორმები, რესტრუქტურირება, პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევა და რაღაცნაირად, ამას ვაბრალებ და ვაბრალებდი ამას. მაგრამ, ახლა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, რაღაც დრამატულ ცვლილებებს ამ მხრივ, არ უნდა ველოდეთ. არის მოცემულობა, რაც არის, ამ შემთხვევაში ოფიციალურად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ალიანსის წევრი, მაგრამ მისი აქტიურობა არ არის ისეთი, როგორიც სხვა წევრების და ამიტომ, კითხვის ნიშნები ისმება, მე ეს ძალიან კარგად მესმის. ამაზე თავად გასცემენ პასუხს, მე ვერ ვილაპარაკებ მათი სახელით“, – განაცხადა წერეთელმა.