გიგი წერეთელი - მაიკ პომპეოს განცხადება აშშ-ის პოზიციას წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია
გიგი წერეთელი - მაიკ პომპეოს განცხადება აშშ-ის პოზიციას წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება აშშ-ის პოზიციას წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ჟურნალისტებს წერეთელმა განუცხადა, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მარტივი სიტუაცია არ აქვს და მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ თუ საქართველოსა და უკრაინის შემდეგ რუსეთის აგრესიული მოქმედებები არ შეჩერდება, ეს შეიძლება სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს.

„საფრთხეები სახელდება ბალტიისპირეთისა და პოლონეთის მიმართულებით. მაიკ პომპეოს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს რეალური საფრთხეები და საჭიროა გაერთიანებული მოქმედებების განხორციელება. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რასაც სწორი პოლიტიკა, კარგი გამოყენება და კარგი პარტნიორობა სჭირდება, რაც მხოლოდ უსაფრთხოებას არ ნიშნავს, დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს. საქართველოს ვალია, რომ ეს პროცესი სწორად წარმართოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის თქმით, მაიკ პომპეოს ორი დღის წინ თავადაც შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასა და ცხოვრების წესს ემუქრება.