გიგი წერეთელი - გადახალისება მოიცავს იმასაც, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს, რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორია პარტიის მომავალი
გიგი წერეთელი - გადახალისება მოიცავს იმასაც, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს, რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორია პარტიის მომავალი

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განაცხადებით, რამდენიმე დღეში გაირკვევა, რა ცვლილებები განხორციელდება პარტიაში.

კითხვაზე, „გამორიცხავთ, რომ პარტია ლიდერებმა დატოვონ“, წერეთელი პასუხობს: ,,რატომ უნდა დავტოვო, ჩემი დაფუძნებული პარტიაა. გარკვეულ პერიოდში, რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რა ხდება, როგორ ვლაგდებით და როგორია პარტიის მომავალი. ყველაფერს გაიგებთ მარტივად, არაფერი დრამატული ამ წუთას არ არის. მემგონი, სხვაგან უფრო ბევრი რამ მოხდა“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ამასთან, შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ წერეთელმა განმარტა, რომ მსჯელობის საგანია, არის თუ არა საჭირო პარტიული ლიდერების პოლიტიკურ თანამდებობაზე ჩანაცვლება.

„ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, გადახალისება, გადააზრება, მომავალზე ლაპარაკი მოიცავს იმასაც, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართვლოს“ ლიდერები, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია გიგა ბოკერიასთან მათი დაპირისპირება, რის გამოც შესაძლოა, დავით ბაქრაძემ პარტია დატოვოს. გიგი უგულავა უპასუხოდ ტოვებს კითხვას, შეხვდა თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. თავად დავით ბაქრაძე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე საზოგადოებას ეცოდინება პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც.