გიგი წერეთელი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას ვიდეოფორმატით ესაუბრა
გიგი წერეთელი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას ვიდეოფორმატით ესაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას ესაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ რამას განცხადებით, პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში საჭიროა უპრეცენდენტო თანამშრომლობა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი მთავარი ფუნქციების, კანონშემოქმედებისა და ზედამხედველობის აღსრულებისთვის.

მისი თქმით, ეს აუცილებელია სოციალური ნდობისთვის და მოქალაქეების სამართლიანი წუხილების გასათვალისწინებლად, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება საჭირო დონის თანამშრომლობა ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად.

მან ასევე ისაუბრა ეუთო-ს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ორგანიზაციის ადაპტაციასა და აქტივობებზე, აგრეთვე ალბანეთში არსებულ მდგომარეობასა და გატარებულ ღონისძიებებზე.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-ს ინსტიტუტების ერთიანობა და კოორდინაცია, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საჭირო დახმარების მობილიზება, საგანგებო ვითარებაში პროპორციული ზომების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა.

„ამავდროულად, კრიზისის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის ეფექტური თანამშრომლობა. ხაზგასმით აღნიშნა კონფლიქტის ზონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილთა და მიგრანტთა კომპაქტურ დასახლებებში რთული ვითარება და გაზრდილი საფრთხეები, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში, სადაც დაუშვებელია ეს სიტუაცია გამოყენებული იქნას დისკრიმინაციის გასაძლიერებლად, უკანონო ანექსიის გაღრმავებისთვის ან საერთაშორისო მონიტორინგის შესასუსტებლად“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრი რამა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს ვიდეო-სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უძღვებოდა.