გიგი წერეთელი - არავის ეპარება ეჭვი, რომ აგრესია რუსეთმა განახორციელა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, საქართველო ამ დავაში გამტყუნდეს
მსოფლიოში იმგვარი ფონია, არავის ეპარება ეჭვი, რომ აგრესია რუსეთმა განახორციელა და არა საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს.
გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია საქართველო აღნიშნულ დავაში გამტყუნდეს.
„რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, ასეთი ძაან ბევრია, მთავარია როგორ მიიღებენ ამას და გაითვალისწინებენ თუ არა ყველა მტკიცებულებას. ეს ეხება რაღაც ტიპის იარაღს, ეთნიკური წმენდის ფაქტებს, ადამიანის უფლებების დარღვევას თუ სხვადასხვა დანაშაულებს, რომელიც ჩადენილია აგრესიის პერიოდში. ჩემი არა მხოლოდ სურვილი, არამედ წინასწარაც ასე ვართ განწყობილი, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საქართველო გამტყუნდეს ამ დავაში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის თემაზე, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ბოლო ღია განხილვა ხვალ გაიმართება.
პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტრასბურგში იმყოფება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან უახლეს ინფორმაციებს მოგაწვდით.