გიგი წერეთელი - არ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობის ამბიცია აქვს, ერთპარტიული პარლამენტი რამე კარგის ინდიკატორი იყოს
გიგი წერეთელი - არ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობის ამბიცია აქვს, ერთპარტიული პარლამენტი რამე კარგის ინდიკატორი იყოს

არ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობის ამბიცია აქვს, ერთპარტიული პარლამენტი რამე კარგის ინდიკატორი იყოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, როდესაც მოლაპარაკების პროცესში ერთი მხარე ცდილობს, იყოს აგრესიული ან გარკვეულად რაღაც შანტაჟის ფორმა მისცეს, მაგალითად, ამ კანონპროექტის, რომელიც რეგისტრირდება ფინანსებთან თუ პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა, ავიწროებს იმ სივრცეს, რომელიც აუცილებლად სჭირდება შეთანხმებას და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შანსები არის გაცილებით მცირე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მაინც აცხადებს, რომ მას არ სურს ვითარების კიდევ უფრო დამძიმება, ამიტომ კიდევ ერთხელ არის მოწოდება ხელისუფლების მისამართით, რომ გონივრული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და დათმობების გარეშე არ არსებობს არანაირი მოლაპარაკება, არსებობს მხოლოდ ვითარების გართულება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, საქართველო, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იმიჯის თვალსაზრისით ბევრს კარგავს.

„დღეს ჩვენ ბევრ რამეს ვკარგავთ. საქართველო, როგორც ქვეყანა, კარგავს თავის იმიჯს და მე არ ვფიქრობ, რომ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროკავშირის წევრობაზე ამბიცია, ერთპარტიული პარლამენტი იყოს რამე კარგის ინდიკატორი. საქართველოს ამით უკვე სერიოზული რეპუტაციული ჩრდილი მიაყენა ხელისუფლებამ. მანდატების უფლებამოსილების შეჩერება დეპუტატებისთვის, ვინც უკვე მიმართა პარლამენტს, არის ლეგიტიმური პროცესი, ეს უნდა მოხდეს, მათ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება. ამას არ აქვს პირდაპირი კავშირი მოლაპარაკებასთან. ეს იქნება ის აქტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ მოლაპარაკება შესაძლებელია, გაგრძელდეს. ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული დადასტურება, რომ „ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, მარტოა პარლამენტში“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, გადაინაცვლებს თუ არა პროცესები ქუჩებში, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები და კონსტიტუციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვა ნებისმიერ ქვეყნაში შესაძლებელი ქმედებაა.

„რევოლუციური სცენარის დახატვა და შემდეგ გამოყენება ხელისუფლების მიერ არაერთხელ ნაცადი მეთოდია და არ არის ეს ეფექტური მეთოდი. ამას სხვა მეთოდები სჯობს. რაც შეეხება პროტესტს, ან შეუთანხმებლობის შემთხვევაში გარკვეული უკმაყოფილების გამოხატვას კონსტიტუციური ფორმებით, ეს არის ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელი. შესაძლებელი არის საქართველოშიც და შესაბამისად, ამას ვერავინ გადადებს გვერდით. თუ პარტიები გადაწყვეტენ, საზოგადოება გადაწყვეტს, რომ პროტესტი უნდა გამოიხატოს, ეს პროტესტი გამოიხატება, ბუნებრივია“, – დასძინა გიგი წერეთელმა.