გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის საკითხზე მომავალ კვირაში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებზე ისაუბრებს
გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის საკითხზე მომავალ კვირაში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებზე ისაუბრებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. გიგი წერეთელი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მომავალ კვირაში ევროპელ ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრებს.

„‌რაც აქ ხდება, არის უკანონო. ეს არის გაგრძელება დანაშაულებრივი ქმედების, რასაც ბორდერიზაცია წარმოადგენს. პერიოდულად აქ ხდება ბოძების ჩასმა, მავთულხლართების გავლება. ვფიქრობ, ამ პროცესს, რომელსაც უცბად ვერავინ გადაწყვეტს, სჭირდება დიდი აქტიურობა და ზეწოლა. როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მომავალ კვირას მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა ევროპაში ლიდერებთან. ვაპირებ, ამ საკითხზე ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე ბევრს ვაქტიურობთ, არსებობს ბევრი რეზოლუცია, არსებობს ძირითადი ხელშეკრულება ევროკავშირთან ევროკავშირის ბროკერობით, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს, ეს არის დიდი პრობლემა. მას აქვს ვალდებულება, შეასრულოს. ამ დროს ხდება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გავლება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ, თუმცა ტერიტორიაზე პატრულირებენ. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების კორდონია.