გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება
გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ერთი მოწმე დაიკითხება.

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, დღეს წარმოდგენილი მოწმე დაადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს შორის არანაირი საუბარი არ შემდგარა. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ უგულავას დავალებით საბუთებს აყალბებდა.

„სხდომაზე დაიკითხება დაცვის მხარის მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი კაპანაძეს და გიგი უგულავას არანაირი საუბარი არ ჰქონიათ იმასთან დაკავშირებით, რაზეც კაპანაძემ ჩვენება მისცა. კაპანაძის ჩვენება არ შეესაბამება რეალობას. მოგეხსენებათ, კაპანაძე არის დაინტერესებული პირი, რომელმაც გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ შურისძიებას, თუმცა ამ დროს ჩაიდინა არაერთი კანონდარღვევა და მის მიერ ცრუ ინფორმაცია იქნა მიწოდებული სამართალდამცველებისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ რომ საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.