გიგი უგულავას საქმის პროცესზე, რომელიც მარნეულის ეპიზოდს ეხება, გოკა გაბაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი დაიკითხნენ
გიგი უგულავას საქმის პროცესზე, რომელიც მარნეულის ეპიზოდს ეხება, გოკა გაბაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი დაიკითხნენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც მარნეულის ეპიზოდს ეხება, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები – გოკა გაბაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი დაიკითხნენ.

საქმე ეხება 2014 წელს, მარნეულში გამგებლის არჩევნების პერიოდში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც გიგი უგულავას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კობა ასანიძის თავისუფლების შეზღუდვას ედავებიან.

როგორც ხათუნა გოგორიშვილმა დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინციდენტი ხელისუფლების პროვოცირებული იყო „ნაციონალების“ კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის უპირატესობის გამო, რა დროსაც იქ მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პროტესტი გამოხატეს. გოგორიშვილის შეფასებით, ეს ხელისუფლებამ გიგი უგულავას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა და ბრალი წარუდგინა.

გოკა გაბაშვილის თქმით კი, მარნეულში უგულავას მხრიდან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და „საქმის სასამართლოში წაღება ხელისუფლების სირცხვილია“.

ამასთან, როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, გიგი უგულავას მხრიდან, დანაშაულს ადასტურებს 2014 წელს, მარნეულში გადაღებული კადრები.

საქმეზე შემდეგი სხდომა 22 აპრილს ჩაინიშნა და ის დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესს ბრალდებული გიგი უგულავა არ დასწრებია.

მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით, გიგი უგულავას ბრალი წაყენებული აქვს იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით.