გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც მარნეულის ეპიზოდს ეხება, სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც მარნეულის ეპიზოდს ეხება, სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც მარნეულის ეპიზოდს ეხება, პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას საქმეზე ბრალდებული გიგი უგულავა არ ესწრება. მოწმის სტატუსით პროცესზე  გოკა გაბაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი იკითხებიან.

ამასთან, როგორც სხდომის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა, აჰმედ  იმამყულიევმა განაცხადა, ოპოზიციას დღესაც ებრძვიან, თუმცა ბრძოლა გრძელდება.

„მთელმა საქართველომ დაინახა, რომ 2014 წელსაც გვებრძოდნენ და დღესაც გვებრძვიან. ამის მიუხედავად, ბრძოლას ვაგრძელებთ. 2014 წელს მოსახლეობას ერთხელ უკვე დავპირდი, რომ  მარნეულიდან დავიწყებთ ოლიგარქის დამარცხებას და ეს იქნება 2019 წლის მაისიდან. მარნეულში არანაირი შანსი არ აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნები მოიგოს ან უკანონობა ჩაიდინოს. ამის საშუალებას არავის მივცემთ. სამწუხაროდ, დარღვევები არის, მოსახლეობაზე ზეწოლა დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენი საქართველოს მოსახლეობის ხმები დავიცვათ და ოლიგარქი დავამარცხოთ“, – განაცხადა აჰმედ  იმამყულიევმა.

მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით, გიგი უგულავას ბრალი წაყენებული აქვს იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საუბარია 2014 წელს, არჩევნების დროს მარნეულში მომხდარ ინციდენტზე, როცა აჰმედ იმამყულიევი  „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა კენჭს.