გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი სასამართლოში გამოიკითხა
გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი სასამართლოში გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი გამოიკითხა. მან აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

დაცვის მხარის განცხადებით, მოწმის მიერ მიცემული ჩვენება არათანმიმდევრული იყო და აეროპორტში განვითარებულ მოვლენებზე მას არ ულაპარაკია.

„ბევრი კითხვა იყო აეროპორტში მიმდინარე მოვლენებზე, დაზიანებებზე, რომელიც მას ჰქონდა. ძალიან საოცარია, თურმე პარკაძეს მოუვიდა გიგი უგულავასთან შელაპარაკება და მერე თვითონაც ჩაერია ამ ჩხუბში, ჯერ გააშველა და მერე გიგიმ სცემა ბადრი. თვითონ ესე მოყვა. რაც ყველაზე მთავარია, მაშინ როდესაც ის და დავით პარკაძე მეგობრები არიან და პარკაძის საქმე დასრულებულია, დღემდე არ იცის, რატომ მოუვიდა მას შელაპარაკება გიგი უგულავასთან. კონფლიქტის მიზეზი არც კი უკითხავს. ზუსტად ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი არ მიდიოდა დასასვენებლად უკრაინაში, ეს ორი ადამიანი ჩაუსაფრდა გიგის და გოკას აეროპორტში, თავს დაესხნენ მათ და მიაყენეს დაზიანებები. ასევე, მე მას ვკითხე, სცემა თუ არა ის გიგი უგულავამ, რაზეც პასუხი არ გამცა და პირიქით, იუკადრისა, რას ჰქვია სცემა. არანაირი დამაჯერებლობა და თანმიმდევრულობა ამ ჩვენებაში არ იყო“, – განაცხადა უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

თავად ბრალდებული კი აცხადებს, რომ ეს საქმე აბსურდია, ხოლო დავით პარკაძე და ბადრი გავაშელიშვილი მოძალადეები არიან, რომლებიც ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.

„საზოგადოებამ ნათლად ნახა სისტემისგან დაბეჩავებული, დეგრადირებული ადამიანი, რომელიც იძულებული იყო, ფიცის ქვეშ ტყუილები ელაპარაკა, საკუთარ თავმოყვარეობაზე გადაებიჯებინა და ეთქვა, როგორ ვცემე მე ის. ბოლოს ამ კაცმა „ბოლომდე გაასხა“ და ისე გაიქცა, რომ ჟურნალისტებთანაც ვერ გაჩერდა. ამას უშვრება ორი გროშის გამო სისტემასთან და ეშმაკთან გაფორმებული ხელშეკრულება ადამიანს, ამ დეგრადირებულ არსებას, რომელსაც სულ ასე მალვა მოუწევს. ეს სუბიექტი არის ჩვეულებრივი მოძალადე. ამ საქმეში არის მხოლოდ აბსურდი, რასაც ჰქვია ივანიშვილის სასამართლო. ადრე თუ გვიან ეს ვაჟკაცი მოყვება, როგორ დაავალეს მას და პარკაძეს თავდასხმა.

ამ ადამიანებს დაავალეს ჩვენზე თავდასხმა. ჯერ პარკაძე მოვიდა შეგნებულად ჩვენს მაგიდასთან და გამომწვევად დაიწყო საუბარი. ამის შემდეგ მოვიდა გავაშელიშვილი, რომელსაც სიტყვიერი საუბარი და გაშველება არც დაუწყია, პირდაპირ ჩხუბი დაიწყო. ისიც ვერ თქვა, როგორ დაიხა მისი მაისური. თუ ადამიანს მუშტს დაარტყამ თვალში, ამით მაისური ვერ დაიხევა. ესენი არიან მოძალადეები, მაგრამ უჭირთ ამ საქმის „გაპრავება“, ხვდებიან, რომ ეს საქმე არის აბსურდი და მათ ბუმერანგივით უბრუნდებათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.