გიგი უგულავა - ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან
გიგი უგულავა - ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტან, შარლ მიშელთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრისას, ექვსივე პუნქტი სწორედ შარლ მიშელის მიერ იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, როგორც უგულავამ აღნიშნა, თითოეული მათგანი პრიორიტეტულია.

„ქართულ ოცნებას“ გადაბრალების და ევროსაბჭოს პრეზიდენტის წინაშე აღებული ვალდებულებებისგან თავის დაძვრენის საბაბი რომ არ ჰქონდეს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არანაირი აღქმაც კი არ შეიქმნას იმისა, რომ რაიმე ტიპის სალაპარაკო ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვნახეთ მათი რიტორიკა გუშინ, კოლექტიური კაკაფონია გადაბრალებაზე. მინდა განვმარტო, ექვსივე საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე, იყო მის მიერ წარმოდგენილი, მან დაურიგა ყველა მონაწილეს, მათ შორის მისცა ბატონ ღარიბაშვილსაც. შესაბამისად, აქ არ არის პრიორიტეტებზე საუბარი, ექვსივე საკითხი თანაბრად პრიორიტეტულია მედიატორისთვის. ფასილიტაცია და მედიაცია სწორედ ამით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ფასილიტაციას ვინც ახორციელებს, იმას არ აქვს პირადი დღის წესრიგი, ის უბრალოდ გახვედრებს. მედიაცია ნიშნავს სხვა რამეს – დღის წესრიგში იმ საკითხების შეტანას, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევ. სწორედ ასე დაემატა იმ ჩამონათვალს სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა, როგორც ჩვენი ქვეყნის მწვავე და პრობლემური საკითხები. ამიტომ, ეს კიდევ ერთი ჟესტია, რომ მოლაპარაკებისთვის სივრცე გაჩნდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე მასში არ მონაწილეობს ნიკა მელია.

„შეთანხმება ვერ მოხდება, თუ მელია და რურუა ციხეში იქნებიან. ეს არის სრულიად ცალსახა. მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი და სრულყოფილი, თუ ამ მოლაპარაკებებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენს ნიკა მელია, მაგრამ მოლაპარაკებები თუ დაიწყება, და ვიხელმძღვანელოთ ანალოგიით, როდესაც ძვირფასმა ხელისუფლებამ შარშან ზუსტად ამ დროს მე დამიჭირა, სწორედ მოლაპარაკებების მაგიდიდან ამაცალა. იყო წყვეტა და შემდეგ მოლაპარაკებები დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით, რომელიც ხელისუფლებამ ჯერაც არ შეასრულა რურუას ნაწილში ამიტომ ეს ერთიანი ნაწილია. დიალოგი სრულფასოვანი რომ იყოს, საჭიროა ყველაზე მსხვილი პარტიის თავმჯდომარე იყოს მაგიდასთან და არა – ციხეში. შესაბამისად, ვადებიც განსაზღვრულია“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად ძალიან ცოტა დრო რჩება, ვინაიდან საქართველოს კონკრეტული წინადადებები უნდა ჰქონდეს 16 მარტისთვის, როდესაც ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება.

„16 მარტს, როდესაც ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, ქართული მხარე უნდა წარსდგეს კონკრეტული წინადადებებით, რასაც სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება. შესაბამისად, დრო არის ძალიან ცოტა. ამიტომ ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან, რათა შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული – პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები, ან არჩევნებთან მისასვლელი გზა, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.