გიგი უგულავა - ვინც ქვეყნის მომავლის ჯოჯოხეთში დაწვა გადაწყვიტა, თავად დაიწვება ჯოჯოხეთში, ვისაც ჰგონია, რომ გვარი არევაძე აქვს, მისი შვილები და შვილიშვილები გვარს გადაიკეთებენ, რადგან არავიძეს დაუძახებენ
გიგი უგულავა - ვინც ქვეყნის მომავლის ჯოჯოხეთში დაწვა გადაწყვიტა, თავად დაიწვება ჯოჯოხეთში, ვისაც ჰგონია, რომ გვარი არევაძე აქვს, მისი შვილები და შვილიშვილები გვარს გადაიკეთებენ, რადგან არავიძეს დაუძახებენ

სააკაშვილის ბედი გადაჯაჭვულია საქართველოს მომავალთან. გადარჩება სააკაშვილი, გადარჩება საქართველოს მომავალი. ვინც გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯოჯოხეთში დაწვას, თვითონ დაიწვება ჯოჯოხეთში, – ამის შესახებ გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მარხავს საქართველოს მომავალს.

„პრინციპში, დღეს ბევრი სალაპარაკოც არაფერია. ივანიშვილი, იმიტომ რომ შიშის წერას არის აყოლილი (მას მხოლოდ პუტინის ეშინია), მზად არის, რომ ქვეყანას, მის მომავალს ჯოჯოხეთი მოუწყოს და ჯოჯოხეთი არგუნოს. დღეს, როგორც არასდროს, სააკაშვილის ბედი გადაჯაჭვულია საქართველოს მომავალთან. გადარჩება სააკაშვილი, იცოცხლებს მიხეილ სააკაშვილი და გადარჩება საქართველოს მომავალი. მე არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებებზე, ამაზე ვისაც ნებავს, იკამათოს. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, რადგან მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ ის არის საქართველოში სიკვდილმისჯილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა, ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვიწყოს ჯოჯოხეთი. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე წარწყმდება. ვინც გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯოჯოხეთში დაწვას, დაიწვება თვითონ ჯოჯოხეთში.

ვისაც ჰგონია, რომ გვარი არევაძე აქვს, მისი შვილები და შვილიშვილები სირცხვილისაგან გვარს გადაიკეთებენ, რადგან მას დაუძახებენ არავიძეს და არა არევაძეს. საკუთარი შვილების პერსპექტივიდან შეხედონ იმას, რასაც დღეს აკეთებენ, თუ მათ საკუთარი ხედვა აღარ აქვთ, დაბრმავებული აქვთ და ლიბრი აქვთ თვალებზე გადაფარებული. აღარ არის უკვე ხუმრობა, როდესაც პოლიტიკაში შემოდის სიკვდილი, ეს აღარ არის ზამბარის გაწელვა. ეს არის ტყვიის სროლა და ხელისუფლებამ დღეს ეს ტყვია ესროლა საქართველოს მომავალს. ამიტომ ამ კუთხით უნდა დავფიქრდეთ. მათ შორის ისინიც, ვინც დღესაც ვიშვიშებთ და ვიშვიშებს ხელისუფლების მხრიდან, ცინიკური, ღვარძლიანი გამონათქვამებით გამოირჩევა.

ხელისუფლება მარხავს საქართველოს მომავალს და ივანიშვილმა მხოლოდ ერთი გამოსავალი დატოვა – პოლიტიკურად უნდა დაიმარხოს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსეთისკენ. საქართველოს რუსიფიკაცია არ მოხდება. ივანიშვილი არის ის, რომელსაც ქართულ ლიტერატურაში ეძახდნენ ევროპის მოტაცებას. ის იტაცებს ევროპას თქვენი ბავშვებისთვის, თქვენი მომავლისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობის ნაცვლად, ის გვართმევს ევროპას. არავინ მოგატყუოთ და არ დაიჯეროთ, თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ძალიან დიდი ხნით დაესმება წერტილი. ეს კარგად უნდა გვესმოდეს და თუ მაინც ჯოჯოხეთში ჩავვარდით, ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ პირველი ის დაიწვება ამ ჯოჯოხეთში“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.