გიგი უგულავა - ვიხილეთ აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება, სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ თავისი რეალური სურვილი არ გამოეჩინა
გიგი უგულავა - ვიხილეთ აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება, სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ თავისი რეალური სურვილი არ გამოეჩინა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. უგულავას თქმით, სააკაშვილი ხალხს წარსულს სთავაზობს, როცა ქვეყნის პირველ პირად კვლავ საკუთარ თავზე საუბრობს.

გიგი უგულავას განმარტებით, საქართველოს მომავლისკენ გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, სამწუხაროდ, ერთი კვირაც ვერ გაძლო ბატონმა სააკაშვილმა, რომ არ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი. სამწუხაროდ, ის რასაც გვთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს არის უკვე წარსული. სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება. ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუსკვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ამ ქვეყანას სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ორი პარტია თავის მიმართებებში და სურვილებში ძალიან ხშირად ერთმანეთს ემსგავსება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ სააკაშვილის იმ განცხადებაზე საპასუხოდ, სადაც ექს პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ბიძინა ივანიშვილია.

ამასთან, დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართა.

სააკაშვილის თქმით, თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. თუმცა, მისივე  განმარტებით, ვინაიდან ერთიანი სია არ შედგა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.

გარდა ამისა, სააკაშვილის განმარტებით, სასურველია, ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, „წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისკენ“.