გიგი უგულავა - თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და არას ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციას
გიგი უგულავა - თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და არას ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებთან ერთად ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, „ივანიშვილის ხელისუფლება ჩაფლავდა ყველა გამოწვევის წინაშე და დღეს მოსახლეობაში არის ცვლილებების მოლოდინი“.

როგორც უგულავამ აღნიშნა, 31 ოქტომბერს მოქალაქეები უარს ეტყვიან სიღარიბეს, კრიმინალს, ოლიგარქიას, კორუფციას და მოუტანენ ერთად ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„ცვლილებები კარს მოგვადგა, ცვლილებები გარდაუვალია, ცვლილებებია როგორც წყალი, რომელსაც ვერაფრით ვერ გააჩერებ, ვერ გააჩერებ რაც არ უნდა მილიონები დააყენო წინ. ვერ გააჩერებ ვეღარასდროს, მაშინ, როდესაც წყალი წამოსულია, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციასა და კრიმინალს არას და გავაგონოთ ეს არა კიდევ ერთხელ აქედან, ყველაზე ამაყი ადგილიდან საქართველოსი.

ხშირად გვეუბნებიან, რისთვის ვიბრძვით, ამაზე ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გასცა პასუხი. ეს არის ენა, მამული და სარწმუნოება. მართლაც, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი ენის გადასარჩენად, ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ავტოკეფალიისა და რწმენის თავისუფლებისთვის.

დადგა ეს დრო, როცა ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დადგა დრო, როდესაც ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი მამული, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დამოუკიდებლობა, შევინარჩუნეთ ჩვენი ენა და მივიღეთ რწმენის თავისუფლებაც.

დღეს, 21-ე საუკუნეში სხვა გამოწვევები გვაქვს და სხვა რამეს ეფუძნება ქართული სახელმწიფო. პირველი ეს არის თავისუფლება, როგორც ადამიანის უზენაესი ნება და ლტოლვა სრულყოფილებისაკენ. მეორე ეს არის დემოკრატია, მესამე არის – მშვიდობა და უსაფრთხოება, რადგან მშვიდობის გარეშე არ არის არც დემოკრატია და არც თავისუფლება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება მშვიდობამდე არ დაიყვანება, თავისუფლება უფრო მეტია. ბოლოს, ეს არის კეთილდღეობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. კეთილდღეობა ნიშნავს სამუშაოებს, ნიშნავს უზრუნველყოფილ სიბერეს“,- აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, 2012 წელს ქართული საზოგადოების ოცნება იყო დემოკრატია, მშვიდობა და კეთილდღეობა.

„რა იყო 2012 წელს ქართული საზოგადოების ოცნება. მისი ქართული ოცნება იყო დემოკრატია, მაგრამ არ ყოფილა კორუფცია და ოლიგარქია, მისი ქართული ოცნება იყო მშვიდობა, მაგრამ არ ყოფილა გაპარპაშებული, გაქსუებული ბიუროკრატია, მისი ქართული ოცნება იყო კეთილდღეობა და შედეგად მიიღო 800 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი და 80 ათასი ბავშვი, რომელიც დღეს შიმშილობს. შედეგად მიიღო 3 დოლარის ანაბარად დატოვებული პენსიონერი; შედეგად მიიღო კორუფცია და უსუსურ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მოზღვავებული გველეშაპის- პანდემიის წინაშე.

მაშინ ბუნებრივად ისმის კითხვა – რად გვინდა მთავრობა, რომელმაც ჩააფლავა უმუშევრობასთან ბრძოლაში, რომელმაც ჩააფლავა კრიმინალთან ბრძოლაში, ჩააფლავა პანდემიასთან ბრძოლაში? რად გვინდა მთავრობა, რომელიც აღარ ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე, დასაქმებაზე და ჩვენს უსაფრთხოებაზე? ასეთი მთავრობა უნდა წავიდეს და წავა 31-ში.

გავაგონოთ ჩვენი ხმა ივანიშვილს, რომელსაც აღარც ყურები აქვს, აღარც თვალები, ვარდისფერი სათვალით უყურებს ყველაფერს და ამ ვარდისფერ სათვალეს გვაჩეჩებს, როგორც სინამდვილეს. ასე აღარ გაგრძელდება. ცვლილებები კარს მოგვადგა, გარდაუვალია, ცვლილებებს ვერ გააჩერებენ, რაც არ უნდა მილიონები დააყენონ წინ. თითოეული ადამიანი არის წვეთი, რომელიც ბოლოში აზვირთდება და ეუბნება ოლიგარქიას, კორუფციას, კრიმინალს – არა!“, – განაცხადა უგულავამ.