გიგი უგულავა - სუბელიანი შესაძლებელია, გაბუქებულად საუბრობს, თუმცა საუბრობს იმაზე, რაც არის სიმართლე
გიგი უგულავა - სუბელიანი შესაძლებელია, გაბუქებულად საუბრობს, თუმცა საუბრობს იმაზე, რაც არის სიმართლე

ჩანაწერებმა ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა მთელი ამ ექვსი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ სამართლიანად მონათლული პასკვილი, რომელმაც ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა, გააღვივა შურისძიება და აბსოლუტურად შორს იყო კანონის უზენაესობასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარისას განაცხადა.

„განსაკუთრებულ ცინიზმს წარმოადგენდა პროკურატურის განცხადება. იმაზე კი არ აღიძრა საქმე, რომ სუბელიანს სადღაც 50 შეიარაღებული „ავტომატჩიკი“ ჰყავს, მოწმეები გატაცებული და ნაწამები არიან და ისე არის სასამართლოზე ჩვენება მიცემული, საუბარია, ვინ მიუყურადა მირზა სუბელიანს. პრობლემა ეს ყოფილა და არა ის, რაზეც სუბელიანი საუბრობს. ასევე ურცხვად შეგვიძლია დღეს „ოცნებისგან“ ვიხილოთ, რომ ამ ჩანაწერს, რადგან უკანონოდ არის მოპოვებული, არ აქვს სამართლებრივი ძალა. სუბელიანი შესაძლებელია, გაბუქებულად საუბრობს, თუმცა საუბრობს იმაზე, რაც არის სიმართლე და კატასტროფა, რასაც „ქართული ოცნება“ ამ ექვსი წლის განმავლობაში სჩადის. შორს ვარ ილუზიისგან, რომ ვინმე ამას გამოიძიებს, ბარონ მიუნჰაუზენივით თავის თავს ვერ ამოიტანს „ოცნება“ ჭაობიდან, ამიტომ ერთადერთი სწორი პასუხი 28 ოქტომბერს უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს, უნდა დამარცხდეს მისი კანდიდატი და ეს ღრუბლები გაიფანტოს, სხვა შემთხვევაში, ნელა და გეგმაზომიერად მივექანებით კატასტროფისკენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.