გიგი უგულავა - სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ვპასუხობთ სიტყვებით ფსალმუნიდან - „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ“, მოვლენ, დავხვდებით
გიგი უგულავა - სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ვპასუხობთ სიტყვებით ფსალმუნიდან - „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ“, მოვლენ, დავხვდებით

სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხი არის სიტყვები ფსალმუნიდან – „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ“, მოვლენ, დავხვდებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის ტელევიზიებს გქონდათ ჰედლაინად გამოტანილი მელიას დასასრული. მეგობრებო, დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, იბადება დაპისრისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ, რომ მთავარი, რაც ამ ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ყველა ქვეყნებიდან, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხი არის, სიტყვები ფსალმუნიდან – „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ“. მოვლენ, დავხვდებით.

არც ნიკა და არც სხვა, არც ერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება. ჩვენ ვიქნებით მტკიცე, ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას, რადგან ჩვენს მხარეზეა სამართლიანობა. მათ ხელშია სამართალი, ჩვენკენ არის სამართლიანობის განცდა. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით სახელმწიფოდ და საზოგადოებად, ვიდრე სამართლიანობა და სამართალი ერთმანეთს არის აცდენილი. ვიდრე სამართალი არის ერთი ადამიანის ხელში და სამართლიანობის განცდა არის ჩვენს მხარეს, მანამდე ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ სამართლიანობის განცდით და ჩვენ არ მივიღებთ მათ სამართალს, ჩვენ არ მივიღებთ ამ მონა მოსამართლის სამართალს, ჩვენ არ მივიღებთ შარიკოვი შოთაძის სამართალს, ჩვენ არ მივიღებთ ივანიშვილის სამართალს, რადგან ამას სამართლიანობასთან, კანონის უზენაესობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეს უნდა იცოდეს ყველამ, ეს უნდა იცოდეს პირველ რიგში ხელისუფლებამ. არ იცის და გავაგებინებთ. ამიტომ, ვიქნებით მშვიდი, როგორც არასდროს და მტკიცე, როგორც არასდროს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.