ზაზა ბიბილაშვილის განცხადება – შეფასებები
საკონსტიტუციო სასამართლოში, „2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტიკური დავის საგანი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა დოკუმენტზე მაშინდელი ხელისუფლების ხელმოწერა „დიპლომატიად“ შეაფასა. მისი განმარტებით, საქართველომ საერთაშორისო დონეზე მიიღო დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი უნდა იყოს. ბიბილაშვილის ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ რეზოლუციის იმ ჩანაწერებზე, სადაც საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს, ორივე მხარის შესაძლო დანაშაულებზე. მათი შეფასებით, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გაიზიარა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი – აცხადებენ, რომ რეზოლუციის მხოლოდ ცალკეული პუნქტების განხილვა მის მთავარ შინაარსს უგულებელყოფს — დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის ოკუპაციასაც ეხება.