ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წარმომადგენელი შტეფენ კოტრე (დამე-შპრეევალდის AfD-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე) და გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანდრეას ტრამპე.
შეხვედრაზე თამარ იოსელიანმა ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე სატრანსპორტო და ციფრულ სფეროებში არსებულ პერსპექტივებზე.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და გერმანიის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქციის გათვალისწინებით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის განმტკიცებაში.
ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს და შუა დერეფნის მზარდ როლს. თამარ იოსელიანის თქმით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში საქართველო მიზნად ისახავს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაორმაგებას, ხოლო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.