გიგი უგულავა სპეცრაზმელებს მიმართავს - ნუ გგონიათ, ჩაფხუტი დაგიცავთ, თქვენი სახელებისა და გვარების, კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება
გიგი უგულავა სპეცრაზმელებს მიმართავს - ნუ გგონიათ, ჩაფხუტი დაგიცავთ, თქვენი სახელებისა და გვარების, კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება

არანაირი ინდულგენცია არ იქნება და ნუ გგონიათ, რომ ჩაფხუტი დაგიცავთ. კარგად იცით, რომ თქვენი სახელების, გვარების და კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სპეცრაზმელებს მიმართა.

მისი განცხადებით, ყველა სპეცრაზმელის ვინაობა გასაჯაროვდება, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციის წარმომადგენლებზე ხელს აღმართავს.

როგორც უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ასეთი სპეცრაზმელების ოჯახის წევრებს უნდა რცხვენოდეთ მათი.

„მინდა მივმართო, სპეცრაზმელებს, რომლებიც ხუთი წუთის სავალზე, პეპელას დასახლებაში ყაზარმულ მდგომარეობაში არიან. მეგობრებო, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ეგ ყაზარმა ჩვენ გავხსენით თავის დროზე, გახსნაზეც ვიყავი და ბევრ თქვენგანთან ერთად გვისადილია კიდეც. არანაირი ინდულგენცია არ იქნება და ნუ გგონიათ, რომ ჩაფხუტი დაგიცავთ. კარგად იცით, რომ თქვენი სახელების, გვარების და კოორდინატების გაგება არ გაგვიჭირდება. ყველა ბოძზე იქნება მათი სახელები და გვარები, ვინც მშვიდობიანი მოქალაქეზე აღმართავს ხელს, ყველა სოციალური ქსელი გადაჭედილი იქნება, ისე, რომ მათი ოჯახის წევრებს შერცხვეთ, მათ შვილებს შერცხვეთ, რომ ჰყავთ მამა, რომელიც მოვა და აქ უსუსურ ადამიანებს თავში ჩაარტყამს. მათ მშობლებს უნდა შერცხვეთ“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე განცხადებით, პოლიცია და პროკურატურა ისეთივე მონსტრების კორპორაციად ყალიბდება, როგორადაც სასამართლო ჩამოყალიბდა.

„ქვეყნისთვის ყველაზე სახიფათოა, როდესაც პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა – ჩვეულებრივი შუა რგოლი ყალიბდება მონსტრების კორპორაციად, რომელიც ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსები ერთმანეთში იჩხუბებენ, ხან ერთი მოვა, ხან მეორე, მაგრამ მე ყველას დავჭირდები. ასე ჩამოყალიბდა მონსტრების კორპორაცია სასამართლოში და ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს, ამიტომ უნდა იცოდეს ყველამ, არა, მეგობრებო, მოვა ახალი ხელისუფლება. როგორც ბერკუტელები ციმბირს იქით იმალებიან, მათი სახელები გამოჭენებულია ყველგან და მთელმა უკრაინამ იცის, რომ მათი მამები იყვნენ მკვლელები, იყვნენ დამრბევები, მათი მამები ბავშვებს და ქალებს უსწორდებოდნენ, ასე ეცოდინებათ. ამას წერტილი თუ არ დაესვა, ხვალ სხვა მოვა ხელისუფლებაში და ამ მავნებლებს და უკვე მანქურთებად ქცეულ ადამიანებს გამოიყენებს.

ივანიშვილთან კი აღარ მაქვს საქმე, მე მაქვს საქმე რიგითებთან, რომელმაც იცის, რომ უკანონობას აკეთებს, მაგრამ მაინც ასრულებს. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი“, – განაცხადა უგულავამ.