გიგი უგულავა - სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება, გადაადგილება შეგიზღუდონ პოლიტიკური ნიშნით, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე
გიგი უგულავა - სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება, გადაადგილება შეგიზღუდონ პოლიტიკური ნიშნით, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე

სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება, გადაადგილება შეგიზღუდონ პოლიტიკური ნიშნით, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ შსს-ს მიერ გავრცელებული განმარტების საპასუხოდ განაცხადა.

უგულავას თქმით, ასე დამცინავად და ფინანსური ზიანის მიყენებით პუტინის რუსეთი იქცევა, საქართველოს ხელისუფლება კი სულ უფრო მეტად ემსგავსება მას.

„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება გადაადგილება შეგიზღუდონ ან პოლიტიკური ნიშნით, ან იმიტომ, რომ უწყებებს შორის კომუნიკაცია არ არის, ან ორივე ერთად. ჩემს შემთხვევაში ხდება ორივე – პოლიტიკური ნიშნითაც ხდება შეზღუდვა და შემდეგ ყველაფრის ამის ახსნა ხდება, როგორც განცხადებიდან მოვისმინეთ, ტექნიკური მიზეზებით და უწყებრივი გადაბრალებით.

წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 06:00 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინანსური ზიანის მიყენებით და ა.შ. იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ გაუქმდა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულება და ასევე გირაო, რომელიც მას 2019 წლის 12 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა.