გიგი უგულავა - როდესაც პროკურატურა გათავისუფლდება, აუცილებლად გამოიძიებს გიორგი გახარიას როლს 20 ივნისის ტრაგედიაში
გიგი უგულავა - როდესაც პროკურატურა გათავისუფლდება, აუცილებლად გამოიძიებს გიორგი გახარიას როლს 20 ივნისის ტრაგედიაში

როდესაც პროკურატურა გათავისუფლდება, აუცილებლად გამოიძიებს, მათ შორის, გიორგი გახარიას როლს 20 ივნისის ტრაგედიაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ საქართველოს პერმიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ვეთანხმები ბატონ გახარიას, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და ქვეყანაში როდესაც გათავისუფლდება პროკურატურა, აუცილებლად გამოიძიებს, მათ შორის, მის როლს 20 ივნისის ტრაგედიაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესს ხშირად ახასიათებს ნიღბების ცვლილება. „მაგალითად, ტელევიზია, როგორც ბიზნესინტერესების თავდაცვის ინსტრუმენტი, დეპუტატობა, როგორც რაღაც სხვა სფეროში თავდაცვის საშუალება, ჟურნალისტობა, როგორც იმუნიტეტის მიღება, რათა რაღაც კანონსაწინააღმდეგო დარღვევებისგან დაცული იყო, ისევე, როგორც ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ბიზნესდანაშაულის, კანონდარღვევისა და რაღაც გადაცდომების დაცვის ინსტრუმენტად ასევე პოლიტიკოსების ან პარტიული ნიღბების მოშველიება. სამწუხაროდ, ეს მიუთითებს პოლიტიკური გარემოს არასრულფასოვნებაზე. პოლიტიკა, როგორც პროფესია, საკმაოდ ნელა ვითარდება ამ ქვეყანაში და ამას ხელს უწყობს, პირველ რიგში, ძალზედ სუსტი და დაბალი ავტორიტეტის პარტიული სისტემა. სამწუხაროდ, ასეა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა, პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების შეფასება და მე ამ შეფასებას დავემორჩილები“.