გიგი უგულავა - როდესაც გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, აშშ-ის სენატიდან ვიღებთ ისეთ მამხილებელ წერილს, რომელსაც ვერაფერს დაამატებ
გიგი უგულავა - როდესაც გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, აშშ-ის სენატიდან ვიღებთ ისეთ მამხილებელ წერილს, რომელსაც ვერაფერს დაამატებ

ივანიშვილი, გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხორცმეტი, რომელიც ნელ-ნელა სეფსისს და განგრენას უქადის ჩვენი ქვეყნის სხეულს, ამიტომ არის ის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგი უგულავამ განაცხადა.

გიგი უგულავა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად.

ამ კონტექსტში გიგი უგულავა ორი ამერიკელი სენატორის მიერ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ორი განცხადების ფონზე, დღეს ნიშანდობლივი დღეა.

„დღეს არის ნიშანდობლივი დღე. მაშინ, როდესაც გავრილოვი ჩვენს ხელისუფლებას საქციელს უწონებს, ვიღებთ ამერიკის სენატიდან პრაქტიკულად ისეთ მამხილებელ წერილს, რომელსაც ვერაფერს დაამატებ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს საერთოდ რამსები აქვს არეული და ჩვენი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, იმ მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, რომელიც შეიძლება, მართლა კატასტროფით დამთავრდეს, თუ ივანიშვილის ჩამოშორება არ მოხდება ხელისუფლებიდან. ეს სუბიექტი, ივანიშვილი, უკვე გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ხორცმეტი, რომელიც ნელ-ნელა სეფსისს და განგრენას უქადის ჩვენი ქვეყნის სხეულს, ამიტომ არის ის სასწრაფოდ ჩამოსაშორებელი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.